საზოგადოება
25.11.2020 11:09
რა სიახლე ელოდებათ აბიტურიენტებს 2021 წლის ეროვნული გამოცდებზე - ნახეთ რომელი საგნის ტესტებში განხორციელდა ცვლილებები

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება 3 საგნის - მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

GMnews აღნიშნულ ცვლილებებს დეტალურად გთავაზობთ:

მათემატიკა - 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო იქნება 3 საათი, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკა და ქიმია - ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა საგამოცდო საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

კვირის ამბები