საზოგადოება
24.10.2019 10:45
ქვეყნის მასშტაბით გეოგრაფიის საუკეთესო პედაგოგი გორის მე-12 საჯარო სკოლაში ასწავლის

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, ,,2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლის“ სტატუსის მფლობელი, გორის მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგი, მარინე ვართუმაშვილი გახდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გამართულ კონკურსში, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. საუკეთესო კანდიდატები სხვადასხვა ეტაპის გავლის შედეგად შეირჩნენ -  კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოების,  ადგილობრივი თემის წევრებთან და შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიოც.

კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლისგან სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

კვირის ამბები