საზოგადოება
25.11.2020 10:34
დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას დღეიდან დაიწყებს, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

ლია კოვზიაშვილის თქმით, წინა ეტაპის მსგავსად, პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი დაიხურა. გასული წლის მსგავსად, დაიგეგმა ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა. პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე - 6000-მდე ბავშვზე - გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების გაცემის პროცესი დღეიდან, 25 ნოემბრიდან დაიწყება. თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს უკვე დაუკავშირდნენ და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდნენ. ამასთან, მშობლებმა ბაღში მისვლისას აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადე და საწერი კალამი“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი 9 ნოემბრიდან დაიხურა.

კვირის ამბები