ინფიცირების მზარდი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, „გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო.
გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო ,,გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც.
დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორის, ხაშურის და ქარელის კოვიდკლინიკებში, 247 სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).
„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი იმართება.
,,ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით, „გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო. გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო ,,გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც 50 საწოლით.
მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, კოვიდკლინიკებში 250-მდე სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია. ამ დროისთვის, ,,გორმედის" ქსელის კოვიდკლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი იმართება და კიდევ რამდენიმე პაციენტის გადმოყვანას ველით.
13-ის მდგომარეობა მძიმეა და ეს პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოვიდის მართვის პარალელურად, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერიტეტო კლინიკა, მკაცრი ზონირების დაცვით (დამოუკიდებელი შესასვლელები, გამიჯნული საპალატე სივრცეები) ახორციელებს სხვა გადაუდებელი პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.
სამედიცინო ქსელი ,,გორმედი" ყოველდღიურად 350-მდე პაციენტს მართავს, აქედან ორი მესამედი კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება ერთი თვის სტატისტიკას, 611 კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვა მოხდა, საიდანაც 345 უკვე გამოჯანმრთელდა.
პარალელურად, ფუნქციონირებს ონლაინ კლინიკა, სადაც 8 ოჯახის ექიმი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამის განმავლობაში, 470-მდე პაციენტს უწევს კონსულტაციას", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.