საზოგადოება
24.11.2020 14:01
პირბადის მოხმარებაზე კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება, განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვებიც - მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის  ინფორმაციით, პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება, ასევე, განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები - გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება. აღნიშნულის შესახებ, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია. მოგეხსენებათ, უკვე დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც ღია სივრცეშიც სავალდებულოა პირბადის მოხმარება. ამიტომ, ზემოხსენებული თვალსაზრისით კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი იმისთვის, რომ  მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას. რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს. შესაბამისად, ჩვენც სწორედ ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კვირის ამბები