საზოგადოება
24.11.2020 11:05
საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 932, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 595 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 2 102 პირი.

კვირის ამბები