საზოგადოება
23.11.2020 19:05
რჩევები კოვიდდადებითი ჟურნალისტისგან - ია თინიკაშვილის ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი უკვე მეათე დღეა კოვიდინფიცირებულია. კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩატარებულმა PCR ტესტმა ინფიცირება დაადასტურა და მას შემდეგ, კოვიდპაციენტის სტატუსით მკურნალობას სახლში აგრძელებს. 

კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კოვიდთან ბრძოლის ხერხებს სოციალურ ქსელში აცნობს.

„ვინაიდან მე საჯაროდ ვწერ კოვიდის ყოველ დღეზე, სიმპტომებზე, ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მწერს და მეკითხება სამკურნალო საშუალებებსა და ექიმის რჩევებზე, ამიტომ, ვეცდები, აქ დავწერო ის, რაც უკვე ვიცი.

საკუთარ თავზე გამოცდილებით, არაერთ ინფიცირებულთან კომუნიკაციის და კვალიფიციურ ექიმებთან მუდმივი კონსულტაციების საფუძველზე გეტყვით, რომ ახალი კორონავირუსი, იგივე კოვიდ-19, სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული სიმპტომატიკით ვლინდება. ამ დაავადების საწყისი სტადიის ძირითადი მახასიათებლებია: ტემპერატურის მატება, სუნის ან გემოს შეგრძნების (ან ერთდროულად ორივეს) დაქვეითება, ცხვირის ღრუში რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი ე.წ. გაჭედვა, ხმის შეცვლა (თითქოს ბევრი იყვირეთ და იოგები დაგეტვირთათ), თავის ტკივილი, უფრო მშრალი, ზედაპირული ხველა, სახსრების ტკივილი, ტკივილი და ჭვალის შეგრძნება მხრების ან ზურგის მიდამოში (ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სახლის დალაგებისას გაცივდით ღია ფანჯარასთან), სუნთქვის გაძნელება (თითქოს ჰაერი არ გყოფნით), იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს გულისრევაც...

ყოველივე ჩამოთვლილთაგან, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანს აღენიშნებოდეს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სიმპტომი. ხშირად, თავდაპირველად იწყება ერთი ან ორი სიმპტომით და შემდეგ დღეებში სხვა სიმპტომებიც იჩენს თავს.

როცა ამას ვამბობ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც კორონავირუსული ინფექცია უსიმპტომოდ, მსუბუქად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მკურნალობას და რეკომენდაციებს: მკურნალობა ხდება სიმპტომატურად, თუმცა, ექიმთან შეთანხმების გარეშე, მეგობარ-მეზობლების რჩევით ნუ მიიღებთ რადიკალურ ზომებს („პერეკისი“, ცინკი და ა.შ).

რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ეს გახლავთ დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მიზანშეწონილია დღის განმავლობაში არანაკლებ 2 ლ. სუფთა წყლის დალევა და ერთ ლიტრამდე, ანუ დღეში 4-5 ჩაის ჭიქა კომპოტების და მსუბუქი ჩაის მიღება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სითხის ეს რაოდენობა ჩემი ორგანიზმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და ექიმის რეკომენდაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყლის, ჩაის თუ ცოცხალი ხილის კომპოტების სახით 4 ლ. სითხეს ვიღებდი.

ასევე, აუცილებლად იარეთ ოთახებში ან უქარო და თბილი ამინდის შემთხვევაში, აივანზე ან ეზოში (არ გაცივდეთ), არ მისცეთ სხეულს და ფილტვებს მოდუნების საშუალება. ფიზიკურად თუ ძალიან სუსტად არ ხართ, ნუ დაწვებით. 9 დღის განმავლობაში, მე 10 წუთითაც კი არ წამოვწოლილვარ (ღამის ძილის გარდა) და ოთახებსა და ივანზე რამდენიმე კილომეტრი გავიარე.

კიდევ ერთი რჩევა - დღეში 4-5 ჯერ, სოდიანი წყალი გამოივლეთ ყელში.

რაც შეეხება მედიკამენტებს, მე სიცხის დამწევი არ მიმიღია, ტემპერატურა მქონდა მხოლოდ სამ დღეს (რამდენიმე საათით) 37,3 და სითხეების ჭარბად მიღებისას თავადვე რეგულირდებოდა. სისხლში პროტრომბინის მატების გამო, 4 დღის განმავლობაში მუცლის არეში, ჭიპის ირგვლივ ვიკეთებდი (საკუთარი ხელით) ფრაქსიპარინის ინექციას, სუნთქვის მკვეთრად გაძნელებისას (რაც სატურაციის დაწევით იყო გამოწვეული), ორჯერ გავიკეთე კუნთში დექსამეტაზონი, ასევე, გულისრევისას, კუნთში გავიკეთე მეტოკლოპრამიდი. ხველისას ინტენსიურად ვსვამდი ცოცხალი კომშით დამზადებულ კომპოტს და ჩაის ლეღვის მურაბით.

გისურვებთ, რომ ჩემი ეს რჩევები არ დაგჭირდეთ, მაგრამ თუ მაინც დაინფიცირდით, პირველი, რაზეც უნდა იზრუნოთ, ემოციების კონტროლია. იმის მიუხედავად, რომ 8 თვის განმავლობაში ყველამ უამრავი ინფორმაცია მივიღეთ ამ დაავადების ირგვლივ, როცა შენ დგები ფაქტის წინაშე, როცა იგებ, რომ კოვიდდადებითი ხარ, საკმაო ემოციები ახლავს თან, მთავარია პანიკა აიცილოთ თავიდან. გამოგიტყდებით და პირველ დღეს მე გამიჭირდა, რამაც კიდევ უფრო გამიუარესა სუნთქვა და მეტი პრობლემა შემიქმნა.

რაც ყველაზე მთავარია - ნუ მიეჩვევით აზრს, რომ „ყველას მოსახდელია“, „მაინც ყველას შეგვხვდება“, „უმრავლესობა ვერც იგებს ისე გადააქვს“ და ა.შ. ამგვარი მიდგომებით ყურადღებას მოადუნებთ, ნაკლებად დაიცავთ თავს და შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეთ ის, „ვინც ვერც იგებს ისე გადააქვს“.

დააფასეთ სამედიცინო პერსონალის ფასდაუდებელი ღვაწლი!

ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

კვირის ამბები