„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს აღარ გააჩნია ბიუჯეტი და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენ შევაჩერეთ გეგმურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ასე არაა“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, გეგმიური ოპერაციების შეზღუდვის გადაწყვეტილება პაციენტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
„სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ გეგმური ოპერაციები გეგმურია და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდა. გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა.