საქართველოს თასის ფინალი, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩი გადაიდო.
„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.
თუმცა, მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა და შეხვედრა კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება“, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.