საზოგადოება
22.11.2020 15:00
საქართველოს შვიდ ქალაქში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან კვლავ ძალაშია

საქართველოს შვიდ ქალაქში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან კვლავ ძალაშია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, აღნიშნული შეზღუდვა, გასული ორი დღის განმავლობაში, გამონაკლისის სახით გაუქმდა.

„საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა“, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 20 ნოემბერს მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, შვიდ დიდ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია, კანონდარღვევა ფიზიკური პირების 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

კვირის ამბები