დღეს, საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს (ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც).
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება. არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.
რაც შეეხება შიდა ქართლს, არჩევნების მეორე ტური ხაშური-ქარელის ოლქში მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიიდან ზაალ დუგლაძე (№41), გაერთიანებული ოპოზიციიდან კი ნატო ჩხეიძე (№5) უპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, პირველ ტურში დუგლაძემ ამომრჩეველთა ხმების 49% მიიღო, ჩხეიძემ კი - 30%.
„მოგეხსენებათ, 08:00 საათიდან, საარჩევნო უბნები მზადაა ამომრჩევლის მისაღებად (გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე უბანი). თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ჩვენ, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“,- ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.