23.10.2019 16:09
შავშვების დევნილთა დასახლებაში რამდენიმე კოტეჯს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა
შავშვების დევნილთა დასახლებაში, რამდენიმე კოტეჯის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა. 10 საცხოვრებელ კოტეჯში შეიცვალა იატაკი და თანამედროვე სტანდარტების დაცვით, თბოიზოლაცით დათბუნებული იატაკი დაიგო. შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 51 248 ლარი შეადგინა. ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება და გადაუდებელი აუცილებლობის მქონე კოტეჯებს ენიჭება უპირატესობა.
„სამუშაო ჯგუფი ყოვეწლიურად ამოწმებს ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას და ერედვის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად ვუგვარებთ პრობლემებს. შიდა ქართლის მასშტაბით, უმეტესად, ნესტის პრობლემაა და იატაკების ამოცვლის საჭიროება დგას. უკვე დავასრულეთ კარალეთის და ხურვალეთის დევნილთა დასახლებებში მსგავსი ღონისძიებები, თუმცა, რამდენიმე დასახლებაში მოსახლეობის რაღაც პროცენტი კიდევ დაგვრჩა აუთვისებელი. შავშვების დევნილთა დასახლებაში, ჩვენს დაქვემდებარებაში 177 კოტეჯია, აქედან უმეტეს ნაწილში უკვე ამოიცვალა ძველი და ახალი, თბოიზოლირებული იატაკი დაიგო. სავარაუდოდ, სრულად, ამ დასახლებას 2 წელიწადში მოვიცათ“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე მაისურაძე.
ალექსანდრე მაისურაძის ინფორმაციით, ამავდროულად მიმდინარეობს სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლის სავარაუდო ღირებულება 22 958 ლარი გახლავთ.