საზოგადოება
20.11.2020 12:19
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების გაცნობა ახალ ვებგვერდზეა შესაძლებელი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების გაცნობა დაინტერესებულ პირებს ახლადშექმნილი ელექტრონული პორტალის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ამ ეტაპზე,  ვებგვერდის ინფორმაციით დატვირთვა მიმდინარეობს.

„build.municipal.gov.ge ერთ-ერთი მოდულია ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ ამუშავდა. მისი საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რაც შეეხება პორტალით სარგებლობის ინსტრუქციას, საიტზე შესვლის შემდეგ, სტუმარმა უნდა შეარჩიოს სასურველი კატეგორია, რის შემდეგაც შეძლებს მისთვის საინტერესო პროექტის მოძებნას და მის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ვებგვერდი საშუალებას აძლევს მოქალაქეს მიიღოს ინფორმაცია პროექტის ღირებულების, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღის, დაფინანსების წყაროსა და შესყიდვის კოდის შესახებ. build.municipal.gov.ge - ზე, ასევე, იტვირთება ფოტოები, რომლებიც უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპებს ასახავს“, - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, ზემოხსენებულ პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

კვირის ამბები