საზოგადოება
20.11.2020 11:13
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 77 932-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,  8 718 პირი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 მოქალაქე.

კვირის ამბები