COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტმა შეიძლება წლები გასტანოს - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა
კალიფორნიის ქალაქ ლა ხოლიაში მდებარე იმუნოლოგიის ინსტიტუტში დაადგინეს, COVID-19-ით დავირუსებიდან რვა თვის შემდეგაც ორგანიზმის უჯრედები საკმარისად იმუნურია იმისთვის, რომ ხელახალ ინფიცირებას გაუმკლავდეს. მედიკოსთა ვარაუდით, იმუნიტეტის ასეთი ნელი ტემპით კლება იმაზე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა წლების განმავლობაშიც კი, იქნეს შენარჩუნებული.
სპეციალისტთა თქმით, ეს არის COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის სფეროში ყველაზე ფართო მასშტაბის და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევა და დაავადებასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, როცა მსოფლიო ელოდება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენას, ეს ცნობა მეცნიერებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
„ამჟამად, მსოფლიოში გამალებული მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომელთაგან ორი მათგანი მინიმუმ 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. მაგრამ მედიკოსთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რამდენ ხანს გაჰყვებათ პაციენტებს COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი? სავარაუდოა, რომ ამგვარი (იმუნიტეტით) ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის მრავალი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადების თავიდან აცილება“, - განუცხადა კვლევის თანაავტორმა შეინ კროტიმ გავლენიან ამერიკულ გამოცემა New York Times-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ კალიფორნიის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები ემთხვევა სხვა, შედარებით მცირე მასშტაბის გამოკვლევების შედეგებს. ასევე მეცნიერები მიუთითებენ იმას, რომ პაციენტებს, რომლებმაც მონათესავე კორონავირუსით, SARS-CoV-ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული სინდრომი გადაიტანეს, ამ დაავადების მიმართ იმუნური უჯრედები17 წლის შემდეგაც მოეპოვებათ.