საზოგადოება
19.11.2020 11:10
საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 409 პირი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. აქედან 5 833 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის მძიმე პაციენტია 869, ხოლო 377 პირი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. 3 518 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 985 პირი მკურნალობის კურსს გადის სახლში.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საკარანტინე სივრცეში კი გადაყვანილია 2 186 მოქალაქე.

კვირის ამბები