ახლადშექმნილი ელექტრონული პორტალის საშუალებით, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, გორის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი იდეა მიაწოდონ. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, წინადადების წარდგენის უფლება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეძლევა.
„შენი იდეა მერს“, ერთ-ერთი მოდულია ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ ამუშავდა. idea.municipal.gov.ge - ეს არის თვითმმართველობის საქმიანობაში ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმი, რაც მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში მონაწილეობის მორიგ შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება პორტალით სარგებლობის ინსტრუქციას, idea.municipal.gov.ge - ზე ავტორიზაციის შემდეგ პლუს ღილაკის საშუალებით იხსნება ფანჯარა, სადაც გვხდება თემატური კატეგორიები. სასურველი კატეგორიის შერჩევის შემდეგ შესაძლებელია ახალი იდეის რეგისტრაცია. გარდა ინიციატივის წარდგენისა, საიტის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნენ სხვების მიერ რეგისტრირებულ იდეებს, სურვილის შემთხვევაში მოიწონონ და ხმა მისცენ კიდეც ნებისმიერ მათგანს. ხმის მიცემის პროცესი იწყება ინიციატივის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვების შემდეგ, იდეა ეგზავნება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს რესურსებისა და შესაძლებლობების მოძიების მიზნით. დამუშავების შემდეგ კი, ინციატივა მერს წარედგინება განსახილველად“, - ამბობენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, ზემოხსენებულ პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.