ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რათა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან - პაატა იმნაძე
ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი" გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან, - აღნიშნული შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.
„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროაგამოვიყენოთ ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, მოიაზრებიან ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგებიც. ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც დღესდღეობითაა დაწესებული, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში. საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ, უბრალოდ ახლა არ შეგვიძლია, რომ ქვეყანაში„ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვსნი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.