17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა და 1939 წლის ნოემბრის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს, საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს. 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს 1946 წლიდან მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ქართველმა სტუდენტებმა, „სტუდენტთა საერთაშრისო დღე“, პირველად 2009 წელს იზეიმეს.
აღსანიშნავი თარიღი, ქართველ სტუდენტებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიულოცა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება.
„ყველა სტუდენტს გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში! სტუდენტობა ცოდნის შეძენის საუკეთესო და დაუვიწყარი წლებია. თავდაუზოგავი შრომა დღეს თქვენივე მომავალს განაპირობებს. ამიტომ ისწავლეთ და იშრომეთ წარმატებისთვის, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა!
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პანდემიის პირობებში, ახალ, განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.