კულტურა
23.10.2019 13:33
„ვაშლის ბაღების“ ავტორს ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ გადაეცა

წიგნი, რომელიც ომგამოვლილი ადამიანების ზეპირ ისტორიებს აერთიანებს, საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციის გამარჯვებული გახდა - ნინო ლომაძის „ვაშლის ბაღებმა“ პრემია „ლიტერა“ დაიმსახურა.

ავტორმა, რუსეთ-საქართველოს ომის 60-ზე მეტი ისტორია ჩაწერა და აღნიშნული ნაშრომი წიგნად, გასულ წელს, აგვისტოს ომის 10-წლის თავზე გამოსცა. პროექტზე მუშაობა ჟურნალ „ინდიგოსა“ და წამებისა და მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის შიდა ქართლში მდებარე ცენტრის (GCRT) მეშვეობით მოხდა. წიგნში გადმოცემული ყველა ამბავი რეალურია, აქა-იქ, პერსონაჟების თხოვნით შეცვლილია მხოლოდ სახელები.

გამოცემა მკითხველს შესაძლებლობას აძლევს  აგვისტოს ომი განსხვავებული ხედით – ადამიანის ბიოგრაფიებიდან დაინახოს. როგორც წიგნის ავტორი და ჟურნალ „ინდიგოს“ რედაქტორი ნინო ლომაძე ამბობს, სანამ წიგნზე მუშაობას დაიწყებდა თანაავტორებთან ერთად შეისწავლა როგორ შუქდებოდა მედიაში საქართველოში მომხდარი უკანასკნელი ომი და შეეცადა მშრალი ფაქტები თუ პოლიტიკური პროცესები თანმიმდევრობით გადმოეცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივად ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში - „ლიტერა“, კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა. წელს გამარჯვებულ ავტორებს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ.

კვირის ამბები