24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 68 929-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. აქედან, 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი არის 740, ხელოვნური სუნთქვის აპარატით კი 332 სარგებლობს.
3 351 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია 2 797 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი.