გასული 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსისგან 84 პირი გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.
მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„შიდა ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა შეადგენს 181-ს, მათი ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა.
გამოჯანრთელდა 84 პაციენტი, თვითიზოლაცია მოეხსნა 143 პირს. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია 1708 პირი.
სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევა.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჯანდაცვის რესური არ არის ამოუწურავი, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით, შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე, სხვების ჯანმრთელობას“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2197-ს, მათ შორის, 993 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ამასთან, სიმონ გულედანის ინფორმაციით, გორის კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 12 პირი, ხაშურის კოვიდსასტუმრო კი, ცარიელია და თავისუფლად შეუძლია პაციენტების მიღება.