საზოგადოება
16.11.2020 11:21
საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკა გააცნო და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.

სასიხარულო ფაქტია, რომ ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. აქედან, 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი არის 787, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი. ბინაზე მკურნალობს 7 812 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 2 735 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 50 256 მოქალაქე.

კვირის ამბები