გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურებას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს.
ელექტრონული მმართველობის სისტემა უკვე ამუშავდა და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. კონკრეტულად კი, ზემოხსენებული პროგრამის საშუალებით, მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს გორის მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას, დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხოციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, შეძლებს დახმარების ოპერატიულად მიღებას ონლაინ რეჟიმში.
„მეტი ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, შემცირებული დრო და ხარჯები, სწრაფი უკუკავშირი, თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა, ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობებია. სისტემა, ასევე, იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამ ეტაპიანი პროექტი 7 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელექტრონული პლატფორმის მიზანი მოქალაქებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მოსახურების მიწოდებაა.“ - აღნიშნა ბიზნეს ანალიტიკოსმა ირმა სეხნიაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ერთიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესს უძღვებოდა.
GMnews-ი გაგაცნობთ ვებგვერდებს, რომლების საშუალებითაც შეძლებთ აღნიშნული მომსახურეობების მიღებას: განცხადების რეგისტრაცია- ms.gov.ge;
შენი იდეა ქალაქის მერს - idea.municipal.gov.ge; მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი- build.municipal.gov.ge და მოქალქეთა ონლაინ დახმარება - ms.gov.ge
ცნობისთვის, აღნიშნულ პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.