უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მიღებას დღეიდან განაახლებს. როგორც დაწესებულების ადმინისტრაცია აცხადებს, ამ დროისთვის, ობიექტზე შესრულდა ყველა სახის საჭირო სადეზინფექციო სამუშაო და მუზეუმ-ნაკრძალი მზად არის ტურისტების მისაღებად.
„მოგეხსენებათ, მსოფლიოში შექმნილი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებითა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დროებით დაიკეტა. დადგენილი რეგულაციებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების შესრულებით, გამოვრიცხეთ მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკი. ისტორიული ძეგლი დამთვალიერებელთა მიღებას ჩვეულ რეჟიმში 16 ნოემბრიდან, ანუ, დღეიდან განაახლებს,“ - ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GMnews-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან ერთად ვიზიტორების მიღება ვარძიაშიც შეწყდა.