საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩაინიშნა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩენების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
„მეორე ტური გაიმართება თბილისის ყველა (8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი), ასევე მე-10 (ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), მე-11 (თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი), მე-12 (რუსთავი, გარდაბანი), მე-16 (ქარელი, ხაშური), 21-ე (თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული), 23-ე (ქუთაისი), 27-ე (ზუგდიდი), 28-ე (ბათუმი) და 30-ე (ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამის ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებულნი და ტარდება მეორე ტური, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით უნდა მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას 16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, 17 ნოემბერს კი - 10:00-დან 18:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქარელისა და ხაშურის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. №16 ოლქში მოსახლეობა არჩევანს №5 - ნატო ჩხეიძესა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და №41 - ზაალ დუგლაძეს („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) შორის გააკეთებს.