საზოგადოება
16.11.2020 10:03
დღეიდან ორი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების რეჟიმი იმოქმედებს

16 ნოემბრიდან, ორი კვირით, სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის პატარა გარეჯვრის, სათემოს, ბნავისის და ზერტის საჯარო სკოლები, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კვლავ დისტანციურ რეჟიმზე რჩება სკრის, შინდისის, ტინისხიდის, კარალეთის პირველი, კარალეთის მეორე, ქვახვრელის, ატენის, მეჯვრისხევის და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლები.

რაც შეეხება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მოსწავლეები სკოლის შენობას უბრუნდებიან, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, პირისპირ სწავლას უბრუნდება ხელთუბნის, რეხის, შავშვების, სვენეთის და წითელუბნის საჯარო სკოლები.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იქ, სადაც სკოლის შენობებშია სწავლა, არც ერთი პირი არ დაიშვება სკოლაში რესპირატორული სიმპტომებით. ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაქვთ, დარჩით სახლში! თვითიზოლაციაში მყოფი პედაგოგი დისტანციურად ატარებს თავის საგანში გაკვეთილებს, თუ ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას. სხვა შემთხვევაში, სკოლა დროებით ჩაანაცვლებს მას. აქვე დავძენ, რომ ეს ფაქტი ხელფასზე არ აისახება!

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“ - აღნიშნავს ნანა ტერმაკოზაშვილი

კვირის ამბები