ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე, „გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო (დამატებით 30 საწოლი).
დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, 176 პაციენტის მიღება შეუძლია (გორში - 86, ხაშურში - 90).
„გორმედის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკების საწოლფონდი სრულადაა ათვისებული. ინფიცირებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გორის კოვიდკლინიკაში 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ხაშურის კლინიკაში კი, მართვითი სუნთქვის აპარატზეა 8 პირი.
გარდაიცვალა ორი პაციენტი, 81 და 86 წლის ასაკის. ორივეს მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.
სამედიცინო ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, „გორმედის“ ქსელის გორისა და ქარელის კლინიკები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
„გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდება პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით გრძელდება. ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილიადამოუკიდებელი შესასვლელები, საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.