საზოგადოება
12.11.2020 15:50
კორონავირუსის ვაქცინა გამოცდას გადის - ვინ გამოიგონა პირველმა?
რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედიასაშუალება კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინის შექმნის შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს. მიზეზი კი, ცნობილი ამერიკული კომპანიის, Pfizer-ის პირველადი მონაცემებია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა თითქმის 90%-ით არის დადასტურებული და ტესტირება კვლავაც გაგრძელდება. ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩატარებული არაერთი მცდელობის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისას ყველაზე წარმატებული უგურ შაჰინი აღმოჩნდა.
კომპანია Biontech-ის დამფუძნებელმა, წარმოშობით თურქმა ექიმმა უგურ შაჰინმა და მისმა კოლეგამ, ასევე თურქმა ბიოლოგმა და ექიმმა ოზლემ ტიურეჩმა, გერმანიის ქალაქ მაინცში პირველებმა მოახერხეს ვაქცინის შექმნა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ორივე მათგანი წარმოშობით თურქია, უგურ შაჰინი დაახლოებით ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლები გერმანიაში ჩავიდნენ და კიოლნში დასახლდნენ, ასევე, კიოლნში დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი.
2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დააარსა სამედიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე, მათ შორის კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აღმოჩენისა და გავრცელების დღიდან, სხვადასხვა ქვეყნები აცხადებდნენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ, რეალურად, პრეპარატის ვალიდაცია (გამოცდა) არ ჩატარებულა.
ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია, რომელიც ვაქცინის შექმნას უკავშირდება ახლახანს გამოცემა „როიტერსმაც“ გაავრცელა.
ვაქცინების მსოფლიოს უმსხვილესმა მწარმოებელმა „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტმა“ AstraZeneca-სა და „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მიერ ერთობლივად შექნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის 40 მილიონი დოზა დაამზადა. ჯერჯერობით „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტში“ არ აკონკრეტებენ, ვაქცინის წარმოებული 40 მილიონი დოზა მხოლოდ ინდოეთისთვის არის თუ არა განკუთვნილი. „სერუმის ინსტიტუტი“ უახლოეს მომავალში Novavax-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის პოტენციური ვაქცინის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ არც AstraZeneca-სა და არც Novavax-ის მიერ შექმნილი ვაქცინები მარეგულირებელ ორგანოს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის მკურნალობისას ამ დროისთვის იმ მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც ანელებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში და დაავადებულ პაციენტებში ვირუსით გამოწვეულ სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს ამცირებს. რაც შეეხება ვაქცინას
მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ მის შექმნაზე, აქტიურად იყენებენ ვაქცინის შექმნის ინოვაციურ მიდგომებს და აცხადებენ, რომ თუ COVID-19-ის ვაქცინა წარმატებით შეიქმნა, ეს იქნება ისტორიაში ვაქცინის შექმნისა და ვალიდაციის ყველაზე სწრაფი პროცესი.
კვირის ამბები