საზოგადოება
12.11.2020 11:24
საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა, მედიასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო 24 საათში გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 69 681-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია  2 506 პირი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 40 475 მოქალაქე.

კვირის ამბები