ამ წუთებში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, ორგანიზაცია „ლელოს“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები მართავენ.
აქციის მონაწილეები, სასტვენების თანხლებით სკანდირებენ ფრაზებს: „მონა“, „არჩევნების გამყალბებელო“ და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მალხაზ მირუაშვილს ადანაშაულებენ არჩევნების შედეგების გაყალბებაში.
ამ წუთებში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის მიღების პროცესი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მინებზე სტიკერებიც გააკრეს, რომელზეც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე არიან გამოსახულები. საოლქო საარჩევნო კომისიის შესასვლელ ცენტრალურ კართან პოლიციელები განლაგდნენ.
„დღეს, საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს გორისა და კასპის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგებს, ანუ, გრძელდება გაყალბების პროცესი, გრძელდება არჩევნების მოპარვის პროცესი და სწორედ ამას ვაპროტესტებთ „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, კერძოდ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ასევე, „ბურჯანაძე-დემოკრატები“. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ არ შევეგუებით არჩევნების მოპარვას.
როგორც ხედავთ, ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, ჩვენ არავის ვეხებით, არავის ვემუქრებით, არსად შეჭრას ვლამობთ. ჩვენი წარმომადგენლები შევლენ საოლქო კომისიის შენობაში, დააფიქსირებენ იქ კიდევ ერთხელ ჩვენს აზრს. არც ერთი ჩვენი პარტიის წევრი არ აწერს ხელს ამ გაყალბებულ ოქმს და გავაგრძელებთ ბრძოლას როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე საპროტესტო აქციების სახით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა.