საზოგადოება
10.11.2020 11:05
საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პირი

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა, მედიასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო 24 საათში გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 2 765 პირი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 37 303 მოქალაქე.

კვირის ამბები