თავიდან გგონია, უბრალოდ გაცივდი. თუ ჩემნაირი ,,პანიკიორი“ არ ხარ, ტესტს არც გაიკეთებ. მითუმეტეს, როცა სიცხე არ გაქვს. მაგრამ თუ საკუთარ ორგანიზმს კარგად იცნობ, ხვდები, რომ მაღალი წნევა რაღაცამ გამოიწვია, სულ მალე ყნოსვას დაკარგავ და როცა სუნამოს სურნელიც სადღაც ქრება, ნივრისაც და ლიმონისაც... გგონია, თავდახურულ კასრში ზიხარ. ასე იხსენებს ნინო მოდრეკილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირებას. ცნობილი პოეტი, ამჟამად, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.
რა განცდაა, როცა კოვიდ19-ით ხარ ინფიცირებული, რა ხდება სტაციონარში და რას ურჩევენ კოვიდდადებითები ერთმანეთს ან სულაც, უცნობ ადამიანებს, - ნინო მოდრეკილაძემ GMnews-თან ისაუბრა.
„ეს შეგრძნება იმდენად მძაფრია, გამორიცხულია, გამოგეპაროს. მიდიხარ კოვიდ ანალიზზე და უკვე 50%-ით დაშვებული გაქვს, რომ დადებითი იქნება. თუმცა, 24 საათი დრო გაქვს, დანარჩენი 50% - ით იბედნიერო. მიდის ფიქრების ჭიდილი... აბა, საიდან შემხვდებოდა, მე ხომ ვფრთხილობდი, თავს ვიცავდი... მაგრამ ასეთი გაბრუებული არასდროს ყოფილხარ. რაღაც უსახელო მდგომარეობაში ხარ, დღეს ამას კოვიდმდგომარეობას ვარქმევ. მეორე დღეს გირეკავენ:
- სიხარულო, დადებითია. - კარგად ნახეთ, რაა, - შენი ხმა სადღაც მეზობელი განზომილებიდან ისმის...
- კი, ასეა, 112 - ში დარეკე...
112 - იდან ოდნავ გვიან გპასუხობენ, ეს დრო საუკუნე გგონია... ოპერატორი მშვიდად გისვამს კითხვებს. გგონია, ყველაფერი გჭირს, გგონია, ჰაერი არ გყოფნის, გგონია, სამყაროს დასასრულში ხარ. გირეკავს ოჯახის ექიმი. რისკების გათვალისწინებით, გიგზავნის სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელსაც კლინიკაში ვერ გადაყავხარ. ექიმი მეორე დღესაც გიგზავნის სასწრაფო დახმარების მანქანას... არ წყდება ზარები, მაგრამ აღარ გახსოვს, ვინ დაგირეკა, რა გითხრა, რა უთხარი... გახსოვს, რომ პური დაგიდეს კართან, წამალი დაგიდეს კართან, გახსოვს, რომ სატურაციის აპარატი მოგიტანეს, გახსოვს, რომ კლინიკისკენ გზას დაადექი, გახსოვს, რომ გორის შესასვლელთან მეგობარი დაგხვდა,“ - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.
როგორც ნინო მოდრეკილაძე ამბობს, „მეორე ცხოვრება“ უკვე სტაციონარში იწყება, იქ სრული სიმშვიდე, პატივისცემა და პროფესიონალები არიან, რომელთა დადებით მიდგომებსაც პაციენტების გულში სიმშვიდე შეაქვთ. „ვერც გრძნობ, რომ საშიში დაავადება გაქვს. იმედებით ივსები. ექიმები გესაუბრებიან. ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი ხარ, აცნობიერებ, რომ მხოლოდ სიმშვიდეა შენი ვალდებულება. მე და პალატის მეგობარი საუბრებით ვამხნევებთ ერთმანეთს, ის ჯარზე მესაუბრება, მე - პოეზიაზე... ამბობს, რომ თავდაცვის უწყებას საუკეთესო მინისტრი ჰყავს, მიხარია, რატომაც არა, ყოველმხრივ დადებითი ამბები უხდება კოვიდ - დადებითობას...