საზოგადოება
09.11.2020 12:55
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება - არაუმეტეს 10 000 ლარი - გადაეცემა, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა, - შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა 6 ნოემბერს გამოსცა და დოკუმენტი ძალაში უკვე შევიდა. როგორც ცნობილია, სიახლე ვრცელდება პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

„უწყება უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, კოვიდ 19-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. დაღუპულები ბაღდათის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.

კვირის ამბები