ქვეყანაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 927 შემთხვევიდან, შიდა ქართლში 74 ფაქტი დადასტურდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილმა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით კორონავირუსის დადასტურების ახალი შემთხვევების რაოდენობა დეტალურად განამარტა.
„დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით კორონავირუსის დადასტურების ახალი შემთხვევების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი 1 033, აჭარა - 411, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 74, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 133, მცხეთა-მთიანეთი - 79, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 499 შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. აქედან 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტი არის 645, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 879 ადამიანი, 7 454 პირი კი, მკურნალობს ბინაზე.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საკარანტინე სივრცეში კი - 2 982 პირი.