საზოგადოება
09.11.2020 11:34
საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 60 680-ს შეადგენს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების რიცხვი, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით.

კვირის ამბები