საზოგადოება
09.11.2020 01:02
დღეიდან, გორში და საქართველოს კიდევ ექვს ქალაქში, ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა

ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. წერტილოვანი შეზღუდვები დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა.

საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება  აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე, მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 753 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც,  42 572 პირი გამოჯანმრთელდა. არსებული 14 680 აქტიური შემთხვევიდან, 7 110 პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში 475 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები