საზოგადოება
07.11.2020 14:46
9 ნოემბრიდან, ორშაბათიდან, საქართველოს შვიდ ქალაქში, ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება  აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 852-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 441 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კვირის ამბები