საზოგადოება
06.11.2020 16:54
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო ქვეყნები შეზღუდვებს ხელახლა აწესებენ
საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 49 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 49 016 480 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 239 375 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34 979 953 პირი გამოჯანმრთელდა.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.7 მილიონს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობის 48 მილიონიდან 49 მილიონამდე გაზრდას მხოლოდ 2 დღე დასჭირდა.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი ლიდერობენ.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის გადალახვის შემდეგ, ევროპული ქვეყნები, მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებს ხელახდა აწესებენ. მაგალითად ნორვეგიაში შემოღებული ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს შინ დარჩენის რეკომენდაცია ეძლევათ, იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში გამართულ კერძო ღონისძიებებზე 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ნორვეგიელებს, ასევე, მოუწოდებენ, უარი თქვან არააუცილებელ საერთაშორისო მოგზაურობაზე. ამასთან, შუაღამის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა იკრძალება.
საბერძნეთში კი, ხვალიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება და ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება. ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება.
მოსკოვის სკოლებში, მე-6-მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის 2 კვირით გახანგრძლივდა სწავლის დისტანციური რეჟიმი.
საყოველთაო კარანტინი დაწესდა ინგლისში, რომელიც ძალაში, მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში დარჩება. შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, გარეთ ვარჯიში დასაშვებია ერთი და იგივე ოჯახის წევრებთან ერთად ან სხვა ოჯახის ერთ წევრთან ერთად. ჯერჯერობით არ იკრძალება წაღებისა და მიტანის სერვისები. მარტში შემოღებული პირველი საყოველთაო კარანტინისგან განსხვავებით, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები ღია რჩება.
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უნგრეთში ბარები და გასართობი დაწესებულებები დაიხურა და ღამის ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, ქვეყანაში „სპეციალური სამართლებრივი წესრიგი" კიდევ 90 დღე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ უნგრეთში სკოლები კვლავ ღია რჩება. ამ ეტაპზე მთავრობა არც მაღაზიებისა და რესტორნების დახურვას გეგმავს.
ამასთან, პირები, ვინც პირბადის ტარების წესებს დაარღვევენ, მკაცრად დაჯარიმდებიან. წესების დამრღვევ რესტორნებსა და მაღაზიებს კი დახურვა ემუქრებათ.
კარანტინი ისევ გამოცხადდა იტალიის „წითელ ზონად“ გამოცხადებულ ხუთ რეგიონშიც. ახალი შეზღუდვები 16 მილიონ ადამიანს შეეხება. დაიხურება სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებები.
შეგახსებებთ, რამდენიმე დღის წინ, შეზღუდვები გაამკაცრა საქართველოს მთავრობამაც, კერძოდ: ღია სივრცეებში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, 22:00 საათის შემდეგ იკეტება რესტორნები და ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.
კვირის ამბები