საზოგადოება
06.11.2020 15:40
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცოტა მოგვიანებით კი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, სად შეიძლება მოხდეს პენსიონერი ექიმების დასაქმება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასაკოვანი ექიმების დახმარება სასარგებლო იქნება კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ერთ დონეზე რჩება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია - 183 შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში, რაც ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ კოვიდიან ავადმყოფებს მოუროს. გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულები არიან თავიანთ ძირითად სამუშაოს. ამიტომ იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში მყოფი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებულები არ არიან ან პენსიაზე არიან, შეიძლება მოეძებნოთ საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და საავადმყოფოებში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება დასაქმდნენ. ამიტომ იყო სწორედ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო კორპუსი,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგე გამართულ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ  კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებმა, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები უკვე აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები