გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.
„გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.
აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს,“- აცხადებენ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.