კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ვადა გახანგრძლივდა. როგორც GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო, რამდენიმე სკოლაში დისტანციური სწავლების ვადა სხვადასხვა პერიოდით გახანგრძლივდა.
„სამწუხაროდ, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები დადასტურდა რამდენიმე სკოლაში. სვენეთის, ხელთუბნის, თორტიზის, რეხის, შინდისის, მერეთის, წითელუბნის, შავშვების და გორის მეოთხე და მეცხრე საჯარო სკოლების პედაგოგების ინფიცირების გამო, აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების ვადა გახანგრძლივდა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ გორის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურად მომავალი ორი კვირის განმავლობაში ისწავლიან, დანარჩენ სკოლებთან დაკავშირებით კი, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ზემოთხსენებული სკოლა დისტანციურ რეჟიმს 6 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელებს, დამატებით გადაწყვეტილებებს კი, არსებული მდგომარეობის მიხედვით მივიღებთ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შიდა ქართლის რეგიონში 100 დადასტურებული შემთხვევაა.