კოვიდ 19-ის ეფექტურად მართვის მიზნით, მედიცინის ფაკულტეტის 1 844-მა მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „COVID-19“ ჰიბრიდული ფორმით, როგორც ონლაინ, ასევე - არადისტანციურად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს და გადამზადებული სტუდენტები კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალს დაეხმარებიან.
უწყების ცნობით, ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, COVID-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.
გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები.