საქართველოში კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური შეღავათების პროგრამა გრძელდება და ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები დაეფარებათ 4 თვის განმავლობაში: ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.
სემეკის ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების პარალეულად, აბონენტებს დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.
„სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადები იმ აბონენტებს დაეფარებათ, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის აბონენტებს, პროგრამით ისარგებლებენ მომხმარებლები, ვინც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარს, ასეთი აბონენტების რაოდენობა ქვეყანაში 650 000-ზე მეტია.
ამასთან, კომუნალური გადასახადების პარალეულად, აბონენტებს დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანალოგიური სოციალური პროგრამა კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, გაზაფხულზეც განხორციელდა. მოსახლეობამ, პირველ ჯერზე, კომუნალური შეღავათებით სამი თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში - ისარგებლა.
სემეკის ვებ.გვერდზე, ამჯერადაც მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა, სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.