საზოგადოება
01.11.2020 14:17
მზად ვარ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებისთვის ბევრი საინტერესო ინიციატივის ავტორი ვიყო - გიორგი ხოჯევანიშვილი

,,გუშინდელმა საარჩევნო დღემ მშვიდობით ჩაიარა, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, ეს განსაკუთრებით უნდა ითქვას ჩვენი რეგიონის ჭრილში. მინდა, მადლობა გადავუხადო არჩევნებზე მოსულ ყველა ამომრჩეველოს, მადლობა მათ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. მოგეხსენებათ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვე და მადლობა კიდევ ერთხელ გორისა და კასპის ამომრჩევლებს ამისათვის.

პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, თუმცა, ბუნებრივია, ეს მანამდეც მქონდა გაცნობიერებული და მზად ვარ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებისთვის ბევრი საინტერესო ინიციატივის ავტორი ვიყო”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ პროცედურული დარღვევებით ჩატარდა არჩევნები და თითქოსდა, მოსახლეობაზე  ზეწოლას ახდენდნენ უბნებზე მობილიზებული კოორდინატები და ,,ძველი ბიჭები”, ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

,,არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიან, სამართლიან და გამჭვირვალე ვითარებაში, შესაბამისად, მსგავს აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - აღნიშნა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გორისა და კასპის ოლქში.

შეგახსენებთ, ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, გორის #15 მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ხოჯევანიშვილს ამომრჩეველთა ხმების 56.28% აქვს მიღებული, 28.07 % მიიღო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა.

კვირის ამბები