საზოგადოება
31.10.2020 22:52
ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 56,11% შეადგინა - ცესკომ კენჭისყრის დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო.

მოქალაქეების ყველაზე მაღალი აქტივობა - 63,8% რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 51% ქვემო ქართლში. რაც შეეხება შიდა ქართლს, ორივე მაჟორიტარულ ოლქში ყველა უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, საუბნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გორი-კასპის მე-15 გაერთიანებულ ოლქში 127 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი 135 281 ამომრჩევლისთვის. ხმების მოსაპოვებლად აქ 13 კანდიდატი იბრძოდა.

დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. პარლამენტი 150 წევრით დაკომპლექტდება - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
კვირის ამბები