საზოგადოება
31.10.2020 16:35
გავრცელებული ყალბი ხმები, თითქოს, ,,ოცნების“ აგიტატორები ხალხს აშინებენ, არ შეესაბამება სინამდვილეს - გელა კაპანაძე

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, გორის საარჩევნო ოლქში არაერთ უბანზე დაფიქსირდა დარღვევები. ოპოზიციის მტკიცებით, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერები და აგიტატორები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ და საარჩევნო უბნებთან სპეციალური სიებით დგანან.

ოპოზიციის ბრალდებებს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარმომადგენელი და პარტიის სპიკერი გორში გელა კაპანაძე გამოეხმაურა.

,,გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მიმდინარეობს უჩვეულოდ მშვიდად, 15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 35 000-მა ამომრჩეველმა. არსად არ ფიქსირდება რაიმე სერიოზული დარღვევა. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ მომხრეებს, დიახ, ისინი არიან მობილიზებულები, იმიტომ რომ ყველამ იცის, დღეს როგორი გადამწყვეტი დღეა ქვეყნისთვის, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია დარღვევების შესახებ და ,,ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა მომხრე, ისევე, როგორც პარტიული წევრები თუ აგიტატორები, არავინ არ გადალახავს სამართლებრივ ველს, ყველა იქნება სამართლებრივ სივრცეში მოქცეული. ასე რომ, გავრცელებული ყალბი ხმები, თითქოს, ,,ოცნების“ აგიტატორები ხალხს აშინებენ და ძალადობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღე ჩაივლის ისეთივე მშვიდ ვითარებაში, როგორი მშვიდიც იყო საარჩევნო გარემო გორში აქამდე", - განაცხადა გელა კაპანაძემ. 

კვირის ამბები