გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, პაპუნა კობერიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც კობერიძემ მედიასთან განმარტა, დღევანდელი დღე ისტორიული თარიღია, რადგან საქართველომ უნდა აირჩიოს მრავალპარტიული პარლამენტი.
„მინდა სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დღევანდელი დღე, მართლაც ისტორიული თარიღია, რადგან უნდა ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი. მე, რა თქმა უნდა, როგორც რიგითმა ამომრჩეველმა, გავაკეთე ჩემი არჩევანი. ხმა მივეცი ჩვენს ქვეყანაში ცვლილებებს, ახალ ძალას, ახალ იმედს, იმ ინტელექტუალ ძალას, რომელმაც უნდა შეცვალოს არსებული ვითარება, იმიტომ რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ხმა მივეცი ჩვენი შვილების მომავალს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას.
რაც შეეხება არჩევნებს, თქვენ ხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი არათანაბარ გარემოში მიდიოდა სამწუხაროდ, ხელისუფლება იყენებდა და იყენებს სერიოზულ ადმინისტრაციულ რესურსს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდებოდა მოსახლეობის მოსყიდვა სურსათ- სანოვაგითაც, ასევე ფულითაც, თუმცა, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს არჩევნები სრულიად შეცვლის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანსაღი და საღი ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში“, - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.