გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, ათი საათის მონაცემებით ხმა მისცა 7766-მა ამომრჩეველმა
გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, ათი საათის მონაცემებით, ოცდამეთორმეტე საარჩევნო ოლქში ხმა უკვე მისცა 7766-მა ამომრჩეველმა, კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გორის საოლქო საარჩევნო კომისის ხელმძღვანელმა, მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ გორის ოცდამეთორმეტე საარჩევნო ოლქში, ათი საათისთვის, დაფიქსირდა 7766 ამომრჩეველი. ეს არის ოლქში არსებული საერთო ამომრჩევლების 8, 1 პროცენტი. რაც შეეხება დარღვევებს, რიგი პროცედურული დარღვევები იყო რამდენიმე უბანზე, საჩივარი არის შემოსული მეცხრე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, რომელზეც კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები და მოახდინა რეაგირება. მივედით ადგილზე დარღვევასთან დაკავშირებით. საჩივარი გამოთქმული იყო წილისყრასთან, ჩანაწერთა წიგნთან დაკავშირებით. მოვახდინეთ რეაგირება და კანონით დადგენილ ვადებში განვიხილავთ“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიღო და საღამოს 8 საათზე დაიკეტება. გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 126 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის, 88 - გორის, 38 კი, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.