კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეებს განსხვავებულად უწევთ არჩევნებში ხმის მიცემა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის პროცედურა და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობის სპეციფიკა შეიმუშავა.
ამომრჩეველი ვალდებულია, უბანზე ორჯერ, დროებით მოიხსნას პირბადე - პირველად - ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის, როდესაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას წარადგენს, (თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში) და მარკირების შემოწმების გავლის შემდეგ, უკვე მეორედ, ამომრჩეველმა ნიღაბი უნდა მოიხსნას რეგისტრატორთან, რომელმაც მოქალაქის მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიასთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. ამომრჩეველი, რომელიც არ მოიხსნის პირბადეს, ვერ მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დაიცვას პირბადის ტარების განსაზღვრული წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააფრთხილებენ და თუ გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც არ გაიკეთებს პირბადეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მოქალაქეს შენობა დაატოვებინოს.
ცნობისთვის, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვა პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო, უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრის დღეს, შენობაში შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის სადეზინფექციო ხსნარი. ამომრჩევლებს უბანზე დახვდებათ ინდივიდუალური საწერი კალამი, რომელსაც მოქალაქე რეგისტრატორთან აიღებს, ამავე კალმით დაადასტურებს საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამავე კალმით ისარგებლებს ბიულეტენის შემოხაზვისას და ხმის მიცემის შემდეგ, ამ კალამს კენჭისყრის შენობაში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში მოათავსებს. ცნობისთვის, ამომრჩეველი ხელებს იმუშავებს უბნიდან გასვლის შემთხვევაშიც.
კიდევ ერთი სიახლე, რაც საარჩევნო უბანზე დაგხვდებათ, კენჭისყრის კაბინაა, რომელიც კედლის მხარეს იქნება ფარდის გარეშე, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.
დაუშვებელია სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა დროებით შეჩერდება.
შეგახსენებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურას არ გაუზომავენ.